აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ იდეას ლიბანში ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ, სადაც შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ლიბანელებისთვის დადგა დრო აირჩიონ მთავრობა, რომელიც წინ აღუდგება სირიის გავლენას.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ქეთრინ ეშტონმა ლიბანი ხელისუფლებაში ვაკუუმის შექმნის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
ძლიერი შეტაკებები მიმდინარე კვირას ლიბანის რამდენიმე ქალაქსა და რაიონში, აფეთქების შედეგად მოკლული დაზვერვის გენერლის ვისამ ჰასანის დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ მოხდა.
სუნიტი-მუსულმანი გენერალი ჰასანი და კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა გასულ კვირას, ბეირუთის ქრისტიანულ კვარტალში, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.
ვისამ ჰასანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადისა და ლიბანში მისი მოკავშირეების მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა.

















