ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოზე თავდასხმასა და ელჩის კრისტოფერ სტივენსის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილია დაკავებული.
„ბი-ბი-სი“-სთან საუბარში ლიბიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა აბუ შაკურმა განაცხადა, რომ გამოძიება წინ მიიწევს.
გამოძიებას ამერიკა ლიბიის ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებს.
ლიბიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ დაკავებული პირები ეჭვმიტანილი არიან თავდასხმისთვის ხელშეწყობაში. ეჭვმიტანილები საკუთარ სახლებში აიყვანეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავდასხმა ბანდიტებმა განახორციელეს და განრისხება, რომელიც ინტერნეტში გავრცელებულმა ანტიისლამურმა ფილმმა გამოიწვია არ ამართლებს ძალადობას.
„ხალხი ვერ ხვდება, რომ ამერიკის ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ფილმთან“ - განაცხადა პრემიერმა.
12 სექტემბერს ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 52 წლის ელჩი სტივენსი, საელჩოს ერთი თანამშრომელი და სახელწმიფო დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი დაიღუპნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმის მიზეზი აშშ-ში გადაღებული ფილმი გახდა, რომელიც პროტესტანტების მტკიცებით, წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფს.

















