ევროკავშირი შეშფოთებულია იმ არასტაბილური სიტუაციით, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის დაძაბვით შეიქმნა. ამის შესახებ დღეს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის ძალიან არასტაბილური სიტუაცია და ის არავის ინტერესში არ შედის. მთავარია, რომ დაძაბულობა არ განვითარდეს“ - განაცხადა ბილდტმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, საქართველო ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრეა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილი სიტუაცია ზღვარს არ გადასცდეს.
„საქართველოს ინტერესშია, რომ რეგიონში არ მოხდეს არაფერი, რაც ხელს შეუშლის ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარებას და იმ პრიორიტეტების განხორციელებას, რაც ყველა სახელმწიფოს ინტერესებში შედის“-განაცხადა ვაშაძემ.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ბოლო კვირეებში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც უნგრეთმა სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული აზერბაიჯანელი ოფიცრის აზერბაიჯანში ექსტრადიცია განახორციელა, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან, სამხედროს გათავისუფლება და მაიორის წოდებამდე დაწინაურება მოჰყვა.

















