სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, სომხეთისთვის ომის თავსმოხვევის შემთხვევაში, მისი ქვეყანა მზად არის იბრძოლოს და გაიმარჯვოს.
„ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ თუ მას თავს მოგვახვევენ, ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“ - განაცხადა სარგსიანმა, იუწყება რუსული მედია.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა კვლავ მას შემდეგ დაიძაბა, რაც 31 აგვისტოს უნგრეთმა აზერბაიჯანს აზერბაიჯანელი ოფიცერი რამილ საფაროვი გადასცა, რომელსაც 2004 წელს სომეხი ოფიცრის გურგენ მარგარიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
საფაროვს სასჯელის მოხდა სამშობლოში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ის შეიწყალა, მაიორის წოდება მიანიჭა და 8 წლის ხელფასი გადაუხადა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის პრეზიდენტის აგრესიული განცხადებების გამო, უცხოეთში დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მისიების დაცვა გაძლიერდება.
ამასთან, აღარ გასაჯაროვდება ინფორმაცია დიპლომატებისა და ოფიციალური პირების გადაადგილების შესახებ.
რამილ საფაროვის სამშობლოში ექსტრადიციის გამო, სომხეთმა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.
2004 წელს საფაროვი და მარგარიანი ნატოს-ს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში უნგრეთში იმყოფებოდნენ, როდესაც საფაროვმა სომეხი კოლეგა ნაჯახით მოკლა.

















