აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, მასაჩუსეთის ყოფილი გუბერნატორი მით რომნი წინასაარჩევნო გამოსვლაში, პარტიის ყრილობაზე, ამერიკის მოკავშირეებს ლოიალური, ხოლო რუსეთს ნაკლებად მოქნილი პოლიტიკის გატარებას დაპირდა.
უცხოური მედიის ცნობით, როგორც რესპუბლიკელმა განაცხადა, აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას რუსეთთან მიმართებაში ზედმეტად რბილი პოზიცია აქვს, და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის მეტ სიხისტეს გამოიჩენს.
„ჩემი პრეზიდენტობისას ჩვენი მოკავშირეები მეტ ლოიალურობას დაინახავენ, ხოლო პუტინი დაინახავს ნაკლებ მოქნილობას ჩვენი მხრიდან და მეტ სიმტკიცეს“ - განაცხადა რომნიმ.
მან ობამას მიერ რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან სეულში პირისპირ საუბრის ერთ დეტალი გაიხსენა, რომელიც ჟურნალისტებმა შემთხვევით მოისმინეს იმის გამო, რომ ლიდერების გვერდით ერთ-ერთი მიკროფონი ჩართული აღმოჩნდა.
როგორც რომნიმ განაცხადა, ობამამ აშშ-ს მეგობარი პოლონეთი მიატოვა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში არსებული ვალდებულებისგან უკან დაიხია, ხოლო რუსეთის მომავალ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოქნილობას დაპირდა იმ შემთხვევაში, თუ თავად პრეზიდენტად იქნებოდა არჩეული.
მით რომნიმ გამოსვლაში ძირითადი აქცენტი ქვეყნის შიდა საკითხებზე გააკეთა და საგარეო პოლიტიკას ნაკლები დრო დაუთმო.
პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატს 5 ვაჟი ჰყავს, ის მილიონერია და მორმონთა მიმდინარეობას მიეკუთვნება.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.
რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკელებისგან“, ის კონგრესმენი პოლ რაიანია.
„რესპუბლიკელ“ კანდიდატებს 6 ნოემბრის არჩევნებში „დემოკრატებისგან“ მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დაუპირისპირდებიან.

















