დაღესტნის მოჯაჰედების ვილაიეთის ხელმძღვანელობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას - „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოჯაჰედების წინააღმდეგ მოქმედებები,
მოჯაჰედების სახელის გატეხვით ნუ ატყუებს საკუთარ ხალხს და მთელ მსოფლიოს, მუსულმანების სისხლის ფასად ნუ აქვს რუსეთის თანადგომის იმედი“- იუწყება vdagestan.com.
მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამგვარი ქმედებით მხოლოდ კიდევ ერთ მტერს შეიძენს, რომელიც მკაცრად იძიებს შურს.
ვებ-გვერდი მიმდინარე შეტაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ბრძოლა მიმდინარეობს „იმარატ კვკაზის“ შეიარაღებული ძალების მოჯაჰედებთან.
იმავე ინფორმაციით, მოჯაჰედები საქართველოს ტერიტორიაზე არანაირ ოპერაციას არ გეგმავდნენ და ეს არც მათ გეგმებში შედიოდა. სურვილის შემთხვევაში, ამას თავისუფლად განახორციელებდნენ.
გარდა ამისა, ვებ-გვერდის ცნობით, მოჯაჰედებს მძევლები არ აუყვანიათ და ეს ქართული მხარის ტყუილი და ცილისწამებაა.
როგორც ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართულმა მხარემ „მოღალატურად მოუწყო“ ეს მოჯაჰედებს და კავკასიის 11 „მამაცი შვილი“ მოკლა. მათივე განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული მხარე ასე ორპირად იქცევა, რათა პუტინის რეჟიმს აამოს და თავი მოაწონოს“.

















