დაღესტანში, ბუინაკსკის რაიონში, თვითმკვლელმა ქალმა შეიხ საიდ აფანდის სახლში თავი აიფეთქა და 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რუსული მედიის ცნობით, შეიხის სახლში ტერაქტი გუშინ განხორციელდა.
ტერორისტი ქალი შეიხთან როგორც მომლოცველი მივიდა და წელზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, შედეგად შეიხი და მასთან მყოფი 6 მორწმუნე დაიღუპა.
გამოძიების შეფასებით, აფეთქების სიმძლავრე 200 გრ ტროტილის ექვივალენტური იყო.
დაღესტნის ძალოვანებმა უკვე დაადგინეს კამიკაძის ვინაობა. ის მახაჩყალაში მცხოვრები, 30 წლის ამინატ ყურბანოვაა (საპრიკინა).
შსს-ს ცნობით, 3 მაისს მახაჩყალის საპატრულო პოსტზე ორმაგი აფეთქების შემდეგ ყურბანოვა იძებნებოდა ტერაქტის განხორციელების გეგმის გამო.
შეიხის მოკვლის მთავარ ვერსიად მისი რელიგიური მოღვაწეობა განიხილება. როგორც ცნობილია, იგი ვაჰაბიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, იარაღის უკანონო ბრუნვის, იარაღის უკანონო დამზადებისა და საზოგადოებისთვის საშიში გზით სხვისი ქონების შეგნებული დაზიანების მუხლებით.

















