დამასკოს ცენტრში სასტუმრო Dama Rose-სთან ძლიერი აფეთქება მოხდა და წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აფეთქება ცენტრალური მოედნის სიახლოვეს იმ სასტუმროსთან მოხდა, რომელშიც გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მათ სირიაში ყოფნის მანდატი 19 აგვისტოს ეწურებათ.
ამასთან, იქვე მდებარეობს სირიის მმართველი პარტიის „Baac“-ის კუთვნილი შენობა.
ასფეთქებელი მოწყობილობა ბენზინმზიდზე იყო მიმაგრებული. დაშავებულთა შორის გაერო-ს თანამშრომლები არ არიან. ვის წინააღმდეგ იყო მიმართული აფეთქება და ვინ განახორციელა ის ჯერჯერობით უცნობია.
ვრცელდება ინფორმაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში განხორციელებული აფეთქებების შესახებაც.
სირიაში წელიწადნახევარია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 ათას 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი. აპრილიდან სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, თუმცა, კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ მუდმივად აკეთებენ განცხადებებს.

















