ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ირანში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულთა
გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ქეთრინ ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ეშტონი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძრით, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დააზარალა, შეწუხებულია.
„მსურს გამოვხატო გულწრფელი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ვისურვებ, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება სწრაფად მოხდეს“ - აცხადებს ქეთრინ ეშტონი.
6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17:23 საათზე, ხოლო მეორე 6,3 მაგნიტუდის ბიძგები იმავე ტერიტორიაზე 11 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.
ირანის ქალაქ თავრიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო მონაცემებით, 306-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მიწისძვრამ მთიანი რეგიონის 20 სოფელი გაანადგურა, ხოლო ასობით დააზიანა. მიწისძვრის დროს 3 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

















