რუსული მხარის მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც „სახელმწიფო“ შედგა.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,
სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომის ოთხი წლისთავი შეაფასა.
კარასინის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად „აღიარა“, ამას სხვა სახელმწიფოების მხრიდან „აღიარება“ და საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად მისი ჩამოყალიბება მოჰყვა.
„დღეისთვის უკვე არსებობს სახელმწიფოსთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტი, საკანონდმებლო ბაზიდან დაწყებული სასამართლო სისტემით დასრულებული. ასევე, სამხრეთ ოსეთი კონტროლს ახორციელებს თავის ტერიტრიაზე, აქვს ნაციონალური ეკონომიკა, ზრუნავს კულტურასა და განათლებაზე“ - მიაჩნია კარასინს.
ამასთან, რუსი დიპლომატის შეფასებით, დე-ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს, მკვეთრი სოციალური კურსი აქვს აღებული და მობილიზებას უკეთებს კონსტრუქციულ ძალებს.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა. ოთხი წლის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი მხოლოდ ნაურუს, ვენესუელას და ნიკარაგუას აქვს „აღიარებული“.

















