ბრიტანეთის პოლიციამ 17 წლის მოზარდი სოციალურ ქსელში ლონდონის ოლიმპიადის მონაწილის მიმართ გამოქვეყნებული კომენტარის გამო დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოზარდმა სოციალურ ქსელ „Twitter“-ში ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე, სპორტსმენ ტომა დეილის მიმართ კომენტარები გააკეთა, რომელმაც სპორტსმენის აღშფოთება გამოიწვია.
დეილი, რომელიც ოლიმპიადაზე ბრიტანეთის სახელით 10 მეტრზე სინქრონულ ხტომაში მონაწილეობდა, აღნიშნავდა, რომ მას მედლის მოპოვების იმედი ჰქონდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სიმსივნით გარდაცვლილ მამას მიუძღვნიდა.
შეჯიბრი გუშინ გაიმართა, სადაც ბრიტანელმა სპორტსმენმა მედალი ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში უცნობი პირისგან შეტყობინება მიუვიდა - „შენ მამაშენი გააწბილე და იმედი მაქვს, ეს იცი“.
ბრიტანელმა სპორტსმენმა აღნიშულ შეტყობინებაზე საჯარო მიმართვა გაავრცელა - „მე მთელი ჩემი ძალა გავიღე და ამის შემდეგ თქვენ, იდიოტები ასეთ რამეს როგორ წერთ“.

















