სირიაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ბაბაქარ გეს განცხადებით, ჰომსში ინტენსიური სროლები მიმდინარეობს, რომელშიც
როგორც აჯანყებულები, ასევე, ხელისუფლების საჯარისო შენაერთებიც ჩაერთვნენ.
„ჰომსში ვიზიტის დროს პირადად გავხდი მოწმე, როგორ გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და როგორ დაიცხრილა ნაღმტყორცნებიდან ქალაქი. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალადობას ადგილი აქვს, როგორც ხელისუფლების მომხრე სამხედროების, ასევე, აჯანყებულების მხრიდანაც“ - აღნიშნა გაეროს მისიის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ სირიაში არსებული ვითარების გამო თურქეთმა სირიასთან საზღვარზე დამატებითი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის მობილიზება მოახდინა.
ამასთან, აჯანყებულები გარდა თურქეთთან არსებულ სასაზღვრო ზოლისა, ირანთან საზღვარსაც აკონტროლებენ.
სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება, რასაც არაოფიციალური მონაცემებით, ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო რამდენიმე ასეულმა ათასმა ქვეყანა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს ლტოლვილის სტატუსით შეაფარა.

















