სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურები კუთვნილი გასამრჯელოს გადახდას
და სამშობლოში დასაბრუნებლად საბუთების დაბრუნებას დღეს ელოდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ გემზე მყოფმა ერთ-ერთმა მეზღვაურმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა, გემის მფლობელები თურქეთში საქართველოს საელჩოს დაპირდნენ, რომ მეზღვაურებს კუთვნილ ხელფასს 30 ივლისს გადასცემენ.
„კომპანიამ ყველას აუკრძალა გამზე მოსვლა. ამის უფლება მხოლოდ მათ წარმომადგენელს და პორტის ოფიცერს აქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს საელჩოდან დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს, რომ საკვებს და წყალს მოგვაწვდიდნენ“ - აღნიშნა ქოჩალიძემ.
მისივე თქმით, დღესვე მეზღვაურები გემზე კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად, გემის ბერძენ მეპატრონესაც ელოდებიან, რომლებმაც მათ ხელფასი უნდა მისცენ და საბუთები დაუბრუნონ.
„ტანკერზე მუშაობის დაწყების წინ კონტრაქტები გაგვიფორმეს და პირველი ორი თვე ხელფასიც გადაგვიხადეს. თუმცა, მესამე-მეოთხე თვეს აღარ მოუციათ და გვპირდებოდნენ, რომ უკრაინიდან დაბრუნებულებს თურქეთში ტვირთის ჩამოტანისთანავე მოგვცემდნენ გასამრჯელოს. ამის შემდეგ ხუთი თვე გავიდა და მეექვსე დაიწყო, რაც არავინ აღარ გამოჩენილა გემზე. მისი დატოვების უფლებაც არ გვაქვს, რადგან საბუთები კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ და თუ მათ არ დაგვიხურეს ვიზები, ხმელეთზე გადმოსვლასაც ვერ შევძლებთ“ - ყვება ქართველი მეზღვაური.
მამუკა ქოჩალიძის ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფება, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.
„კომპანიის საერთო დავალიანება 170 ათას აშშ დოლარს შეადგენს, აქედან ქართველი მეზღვაურებისთვის მათ მიერ გადასახდელი თანხა 70 ათასამადეა. აზერბაიჯანის მოქალაქეებსაც ჩვენი იმედი აქვთ, რომ კუთვნილი ხელფასი მიიღონ და სახლებში დაბრუნება შეძლონ“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქოჩალიძის თქმით, ისინი ძლიერი ნერვული სტრესის ქვეშ არიან.
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, უკვე სამი თვეა ეკიპაჟის 10 წევრი მიტოვებულია, მათ შორის არის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

















