ბურგასში ებრაელი ტურისტების ავტობუსი ააფეთქეს, დაიღუპა 8 და დაშავდა 34 ადამიანი.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის შეფასება მისცა და თვითმკვლელის კვალის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელსაც ყალბი ამერიკული დოკუმენტები ჰქონდა.
გარდაცვლილთა შორისაა ავტობუსის მძღოლი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. დაზიანებები მიიღეს ავტობუსის სიახლოვეს მდგარი მაქნანების მგზავრებმაც.
ისრაელის ხელისუფლებამ დაღუპულთა და დაშავებულთა გადასაყვანად ბურგასში თვითმფრინავი და ექიმები გაგზავნა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავტობუსის მგზავრები ბულგარეთში დასასვენებლად იყვნენ ჩასული.
ერთ-ერთი დაშავებულის გალ მალკას განცხადებით, ავტობუსის წინა ნაწილში ძლიერი აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ყველა ტურისტი ავიდა და თავის ადგილს იკავებდა.
ებრაელი ტურისტების ავტობუსის აფეთქება სხვა ტრაგედიის წლისთავს დაემთხვა, კერძოდ, 1994 წლის 18 ივლისს ბუენოს-აირესში, ებრაულ ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 86 კაცი დაიღუპა. მაშინ ისრაელმა მომხდარში ირანი დაადანაშაულა.
თელ-ავივმა ბურგასის აფეთქებასთან კავშირშიც თეირანი დაადანაშაულა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ამ საქმესთან ირანს აქვს კავშირი.
„ყველა კვალი ირანთან მიდის. ისრაელის პასუხი ირანულ ტერაქტზე მკაცრი იქნება“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის თქმით, სავარაუდოდ, ირანმა ეს ტერაქტი ლიბანური მოძრაობა „ჰესბოლას“ ხელით განახორციელა.

















