ბომბის აფეთქების საფრთხის გამო, აშშ-სა და კანადის მთავრობებმა ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე მდებარე ხიდი ამბასადორი გადაკეტეს, რომელზეც სავაჭრო გადაზიდვების დაახლოებით 25% მოდის - იუწყება უცხოური მედია.
ხიდის საექსპლუატაციო სამსახურმა ორშაბათს საღამოს ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ გაფრთხილება მიიღო და ხიდის დახურვის თხოვნით, ამერიკის ქალაქ დეტროიტისა და კანადის ქალაქ უინსორის ხელმძღვანელობას მიმართა.
ამ დროისთვის, ხიდის ორივე მხრიდან უსაფრთხოების ერთკილომეტრიანი ზონებია ორგანიზებული. ტრანსპორტის მოძრაობა მიწისქვეშა გვირაბზე გადამისამართდა, რომელიც იმავე მარშრუტზე მდებარეობს.
ხიდზე, რომლის სიგრძე 2 კილომეტრს აღემატება, ყოველდღიურად, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ტვირთი გადაადგილდება.

















