ბალკანეთში ცნობილმა ნარკობარონმა, მიმალვაში მყოფმა დარკო შარიჩმა, 10 მილიონი ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა სერბეთის ექვსი უმაღლესი თანამდებობის
პირის, მათ შორის ექს-პრეზიდენტის ბორის ტადიჩის, ლიკვიდაციისთვის, რომლებიც მისი კრიმინალური იმპერიის განადგურებაში მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ დღეს დასავლურ სპეცსამსახურეზე დაყრდნობით ბელგრადის გაზეთი „პრეს“ იუწყება. სპეცსამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ შარიჩი გეგმავს სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ტადიჩის, შს მინისტრის ივიცა დაჩიჩის, იუსტიციის მინისტრის სნეჯანა მალოვიჩის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში პროკურორის მილკო რადისავლევიჩის და სხვა ჩინოვნიკების მოკვლას.
სერბეთის პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩის კანცელარიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი არ დაუშვებს, რომ ტადიჩის და სხვა პირების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ექს-პრეზიდენტ ტადიჩის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ბოლო წლების განმავლობაში, ტადიჩისა და მისი თანამებრძოლების მიმართ მუქარა არაერთხელ გავრცელებულა მედიის საშუალებით.

















