ჰამას პროვინციის სოფელ ტარამსეხში დაბომბვის დროს 200-მდე ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
მათი მტკიცებით, ტარამსეხში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, რომელთაც ცეცხლი ვერტმფრენებიდან და მძიმე ტექნიკიდან გაუხსნეს, რის შემდეგაც ხელისუფლების მომხრე საჯარისო შენაერთები სოფელში შევიდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობა სახლებში ჩაცხრილეს, ზოგი კი, ჩამოახრჩეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, დაღუპულთა სიას მათი იდენტიფიცირების შემდეგ გამოაქვეყნებენ.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 ათასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 ათას 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი. აპრილიდან სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, თუმცა, კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ მუდმივად აკეთებენ განცხადებებს.

















