საქართველოს მთავრობის და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი დღეს,
სასტუმრო „რედისონში“ გაიხსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-დან აცნობეს, სიმპოზიუმის პირველი დღეს ძირითადად, ამერიკული მხარის და მათი პირველადი კონტრაქტორების პრეზენტაციებს დაეთმობა, რომლის დროსაც, იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს წარმოადგენენ, რომლებსაც მათთან ბიზნეს-თანამშრომლობის დასამყარებლად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს.
დღესვე, სასტუმროს ტერიტორიაზე მიწვეული კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაიმართება. ხვალ კი, კომპანიები პროდუქციის წარმოების მიხედვით განაწილდებიან, რომლის დროსაც პირველადი კონტრაქტორები მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ.
ამერიკის თავდაცვის ლოგისტიკის დეპარტამენტი პირველადი კონტრაქტორების მეშვეობით, ასობით დასახელების პროდუქციის შესყიდვას ახორციელებს.
აღნიშნულ სიმპოზიუმზე მიწვეულ კომპანიებს ამერიკის თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტთან და მის პირველად კონტრაქტორებთან ბიზნესის წარმოების მოთხოვნების გაცნობის საშუალება მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სიმპოზიუმი გაცნობითი სახის ღონისძიებაა, სადაც პოტენციური მიმწოდებლების იდენტიფიცირება მოხდება და არა უშუალოდ კონტრაქტების გაფორმება.
შსს-ს ინფორმაციით, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პირველად კონტრაქტორებთან თანამშრომლობა, კომპანიებისთვის ახალ ბაზრებზე გასასვლელად და პროდუქციის რეალიზებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება.

















