სირიაში ლიბიის სცენარი არ შეიძლება განმეორდეს - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, რუსეთის
ელჩებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციები, რომელიც რეალურად რაკეტებისა და ბომბების ექსპორტს წარმოადგენს, ქვეყნების შიდაკონფლიქტში ჩარევაა.
„ჩვენ ვხედავთ, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რამდენად წინააღმდეგობრივი და გაუწონასწორებელი რეფორმები ხორციელდება. ჯერ კიდევ თვალწინ გვიდგას ლიბიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიც. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მსგავსი სცენარების განხორციელება სხვა ქვეყნებში, მათ შორის სირიაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა პოლიტიკურ, მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიონ“ - აცხადებს პუტინი.
ამასთან, პუტინის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზები მოინახოს, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის, ავღანეთისა და სხვა რეგიონალური პრობლემების მოსაგვარებლად.

















