აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი აიაზ მუტალიბოვი, რომელიც 20 წელი რუსეთში გადასახლებაში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა.
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის დაბრუნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყნის პარლამენტმა „ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უზრუნველყოფის" შესახებ კანონი მიიღო და სამართლებრივი დევნისგან სამუდამო იმუნიტეტი მიანიჭა.
მუტალიბოვის განცხადებით, ამჟამად, იგი პოლიტიკური საქმიანობისგან თავს შეიკავებს.
აიაზ მუტალიბოვი აზერბაიჯანს 1991 წლის 30 აგვისტოდან 1992 წლის 6 მარტამდე ხელმძღვანელობდა. მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული არმიის წარუმატებელი სამხედრო მოქმედებების შემდეგ, იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო. რამდენიმე თვეში, მუტალიბოვი ხელისუფლებაში დაბრუნდა, თუმცა, მალევე ჩამოაგდეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანი დატოვა და რუსეთში გადავიდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მუტალიბოვი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგი სამშობლოში ჩასვლას ვერ ახერხებდა.

















