საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე
უკრაინის სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ადასტურებს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, სააკაშვილის მხარდასაჭერად და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს აქცია გაიმართება.
„2014 წლის შემდეგ პირველად, დამოუკიდებლობის მოედანზე ადამიანების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის მიზნით შეიკრიბა. დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩევნს ფსევდო ელიტისგან სამართლიან გადაწყვეტილებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ველოდებით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. თუკი გადაწყვეტილება არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ჩვენ სრულიად განსხვავებულ, უფრო რადიკალურ ქმედებებს მივმართავთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ორი დღის წინ დააკავეს.

















