საქართველოს ექს-პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან დეპორტირებული
ქართველების გვარები კიევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადასცა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სურს რომ მას ქართულ გარემოსთან შეხება არ ჰქონდეს და ამით დისკომფორტი შეექმნას.
„საქართველოს აღარ ჰყავს პატრონი და აღარ ჰყავს სახელმწიფო აპარატი. ეს ყველა გვარი გადაცემული არის კიევში თბილისიდან. ეს გვარები არის გადაცემული სუს-იდან. ეს ვიცი დანამდვილებით. ისეთი ხალხი ჩამოსვეს თვითმფრინავიდან აეროპორტში, რომელზეც ვერანაირად ვერ ეცოდინებოდა უკრაინულ მხარეს, რომ ისინი არიან ჩვენთან კონტაქტში. ეს იცის მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურებმა, უკრაინის სპეცსამსახურებს ეს ინფორმაცია არ აქვთ.
ჩავიდა ზაფხულში პოროშენკო, მოელაპარაკა ივანიშვილს ჩემს წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე, შეთანხმდნენ - მოილაპარაკეს, ამის შემდეგ ჩამომართვეს მოქალაქეობა, ამის შემდეგ ერთობლივად მოქმედებდნენ საზღვრის გადალახვამდე, ახლა მინიმუმ დისკომფორტი უნდა შემიქმნან, რომ ქართულ გარემოსთან მაინც არ მქონდეს შეხება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები გუშინ ბორნით ფოთში შემოვიდნენ.

















