საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუკი უკრაინის პარლამენტი 7
ნოემბრამდე აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პროტესტი გაგრძედება და აქციაზე მეტი ადამიანი გამოვა.
მისივე თქმით, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პოსტის დაკავების შემდეგ საკუთარ თავზე პრეზიდენტის ფუნქციების შემცირება უნდა აიღოს.
ამის შესახებ სააკაშვილმა კიევში გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ჩვენ აქ მოვედით, რათა ცვლილებები მოვითხოვოთ. როგორც ჩანს, ჩვენი ხმა უკეთ ესმით, როდესაც მაედანზე ვართ. 7 ნოემბერს, თუკი პარლამენტი კანონს არ მიიღებს, აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია და გვაქვს მექანიზმები, არსებული ხელისუფლება უკეთესით შევცვალოთ. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე არაკორუმპირებულმა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა უნდა გამოიკვლიონ, აქვს თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატებს ხელისუფლებაში მოსვლის კომერციული ინტერესი.
ახალი პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს სასამართლოებსა და პროკურატურის საქმიანობაში. პირველი ვალდებულება კი, რაც ახალმა პრეზიდენტმა პოსტის დაკავების შემდეგ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, არის ის, რომ ის პრეზიდენტის ფუნქციებს შეამცირებს და ახლანდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასა და ტარიფების ზრდის გაყინვას, ასევე პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას მოითხოვენ.

















