დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.
დღესასწაული სათავეს 1776 წლის 4 ივლისიდან
იღებს. ამ დღეს ამერიკის მეორე კონტინენტურმა კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც 13 კოლონია ინგლისისგან დამოუკიდებელ შტატებად გამოაცხადა და ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაამტკიცა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ახალი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა.
დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება.
დოკუმენტის ავტორი თომას ჯეფერსონია. მოგვიანებით, ის ამერიკის ეროვნულ გმირად აღიარეს. დეკლარაცია ყველა ადამიანის თანასწორობის პრინციპს ამკვიდრებდა.
„ადამიანები შექმნილნი არიან, როგორც თანასწორი არსებანი და მათ ღმერთმა მიანიჭა ისეთი შეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერება. ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას ხალხის ნებით იღებენ" - ნათქვამი იყო დეკლარაციაში.
დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელები ტრადიციულად აღნიშნავენ. ეროვნულ დღესასწაულზე ისინი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად პიკნიკს აწყობენ. იმართება საყოველთაო სახალხო ზეიმი.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. დღეს ამერიკის მეგობართა კლუბი ერთნოგრაფიულ მუზეუმში საზეიმო ღონისძიებას მართავს.

















