საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან და სხვა
ოპოზიციურ ძალებთან ერთად კიევში, რადას შენობასთან აქციას მართავს.
ისინი სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს და ახალი საარჩევნო კანონის და კომისიის შექმნას მოითხოვენ.
როგორც სააკაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების სათავეში პოროშენკოა, ქვეყანაში კარგი არაფერი მოხდება.
„ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა. ერთმა ადამიანმა მთელი სასამართლო ხელისუფლების უზურპირება მოახდინა და სწორედ ამიტომ, უკრაინელებისთვის სამართლიანობა არ არსებობს. ამავე ადამიანმა უმაღლესი რადას უზურპაცია მოახდინა. უკრაინაში აღარ არსებობს პოლიტიკური პროცესი. უკრაინაში მხოლოდ სიცრუეა. სათითეებით თამაში და მხოლოდ ერთი ადამიანის ნება, რომელსაც უმაღლესი რადა, როგორც ლეღვის ფოთოლი საკუთარი ქმედებების დასამალად სჭირდება. ვიდრე არის პოროშენკო, არ იქნება პროგრესი, არ იქნება ბრძოლა კორუფციასთან. იქნება მხოლდ სიღარიბე, დამცირება და ახალგაზრდების ემიგრაცია და ფულის მიტაცება, მათ შორის იმ თანხებისა, რომლებიც ომისთვისაა გამოყოფილი. ვიდრე არის პოროშენკო, კარგი არაფერი მოხდება და უკრაინის პრესტიჟი დაეცემა “-განაცხადა აქციაზე სააკაშვილმა.

















