საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლვოვში საზღვრის უკანონო
გადაკვეთის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსანდერ ბურცევის სასამართლო პროცესს დაესწრო. ოდესის ყოფილი გუბერნატორი მას თავდებში დაუდგა, თუმცა სააპალაციო სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და ბურცევი პატიმრობაში დატოვა.
სასამართლოში მისვლამდე მიხეილ სააკაშვილი კიევში იმყოფებოდა, სადაც მინისტრთა კაბინეტის შენობის წინ გამართულ აქციაზე უკრაინის ხელისუფლება და პირადად პრემიერ-მინისტრი რეგიონებში მათთვის არასასურველი მმართველებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.
პარალელურად, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შეხვედრებს უკრაინის ქალაქებში განაგრძობს, ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ქალაქ ჩერკასის მერმა მას მხარდაჭერა და საცხოვრებლად იქ გადასვლაც შესთავაზა.

















