ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი და გაერო მეორე მსოფლიო
ომის დროს მიმდინარე სისასტიკის საპასუხოდ შეიქმნა, ამიტომ მათი პრიორიტეტი ძალადობის წინააღმდეგ მწვავე რეაგირებაა.
ამის შესახებ დონალდ ტუსკმა ნიუ-იორკში, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 72-ე სამიტი იმართება.
„პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს სიტუაციები, რომელთა შეფასებაც მარტივია. მაგალითად, ვითარება ჩრდილოეთ კორეის გარშემო, ბირთვული შანტაჟი, ტერორიზმი, აგრესია უკრაინის მიმართ. სწორედ ამ დროს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ევროკავშირი და გაერო მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე სისასტიკის საპასუხოდ შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო ცხოვრებაში უკანონობისა და ძალადობის წინააღმდეგ მწვავე რეაგირებაა" - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ში 72-ე სამიტი იმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები სიტყვით გამოდიან. პირველმა პირებმა სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის აგრესიული მოქმედებებიც განიხილეს.

















