საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლონეთის მხარემ ოფიციალურად
დაადასტურა, რომ სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინის ტეროტორიაზე კანონიერად შევიდნენ.
მისივე თქმით, უკრაინის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
„სასამართლო პროცესზე პირადად მოვედი, თუმცა შემეძლო ადვოკატი გამომეგზავნა, რადგან მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა მემუქრება. მაგრამ, მე მოვედი, რათა მენახა თუ რა მოხდებოდა, ჩემს ადგილზე რიგითი უკრაინელი რომ ყოფილიყო. სასამართლო უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გვედავება. პოლონეთის მხარემ კი, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩვენ გავიარეთ საპასპორტო კონტროლი პოლონეთის მხარეს და უკრაინის ტერიტორიაზე აბსოლუტურად კანონიერად გადავედით. შესაბამისად, ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით და ჩვენს მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება სრული აბსურდია. სასამართლოს მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ რეგიონებში შეხვედრებს. შემდეგი მიტინგი დნეპრში გაიმართება“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლვოვში 10 სექტემბერს შეგინის სასაზღვრო პუნქტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად მოსამართლემ სააკაშვილის მხარეს დრო პარასკევამდე მისცა.

















