ლიბიაში თურქეთიდან მიმავალ, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი 11 მეზღვაური დააკავეს,
რომელთაგან 3 ქართველია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მამუკა ახალაძის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დაკავების მიზეზი შესაძლოა ის ტვირთი იყოს რომელიც მეზღვაურებს გემით გადაჰქონდათ და რომელიც სავარაუდოდ, ლიბიაში არალეგალურ ნაოსნობადაა მიჩნეული.
„გემი არის დაკავებული, ეკიპაჟიც არის დაკავებული. სავარაუდოდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დაკავების მიზეზი შეიძლება იყოს დაკავშირებული ლიბიაში ან შეტანილ, ან გემით გამოტანილ ტვირთთან, რომელიც ლიბიის სახელმწიფოსთვის იყოს მიჩნეული, როგორც არალეგალური ნაოსნობა. ვფიქრობ, რომ ეს მეტწილად ნავთობთანაა კავშირში“ - განაცხადა მამუკა ახალაძემ.

















