პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის შალვა ოგბაიძის განცხადებით, იმაში, რომ სტრასბურგის
სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე ასეთი დასკვნა დადო, ბრალი ქართველ ძალოვნებს მიუძღვით, რადგან, თუნდაც 26 მაისის საქმის სრულყოფილად გამოძიება არ მოხდა.
ამ თემაზე ოგბაიძე გაზეთ „ახალი თაობის“ კორესპონდენტს ესაუბრა.
„2011 წლის 26 მაისს საოპერაციო მაგიდაზე დამაპატიმრეს, 2009 წლის 6 მაისს აკრძალული ტყვიებით დაგვხვრიტეს მე და ჩემი მეგობრები. ჩემს განცხადებაზე საგამოძიებო მოქმედება რომ დაწყებულიყო, აუცილებლად დაიკითხებოდა ის ადამიანი, ვინც გასცა საოპერაციო მაგიდაზე ჩემი დაკავების ბრძანება. ამით მტკიცებულებებით გამყარებულ ისეთ პროდუქტს მივიღებდით, რომელიც იქნებოდა უტყუარი საბუთი და ვერც ერთ გაზულუქებულ ჩინოვნიკს ენა ვერ მოუბრუნდებოდა იმის სათქმელად, რომ მერაბიშვილი უკანონოდ არის დაკავებული.
26 მაისის დარბევა ისე გამოიძიეს, რომ პროკურატურას არც კი დავუკითხივარ. არც ჩემი ბევრი თანამებრძოლი დაუკითხავს ვინმეს. 26 მაისს დაკავებულთა ნაწილს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცემულმა ამნისტიამ საპატიმრო ადგილებში მიუსწრო. ისინი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდნენ, მაგრამ საქმე ამის იქეთ აღარ წასულა. არც ერთი მათგანი დამატებით არავის დაუკითხავს. თითქოს, მართლა დამნაშავეები იყვნენ, არც მათი რეაბილიტაცია მომხდარა.
ყველას რატომღაც დაავიწყდა 2011 წლის 26 მაისამდე 10 დღით ადრე დაწყებული მასობრივი „აყრა“. ძალიან ბევრი ჩვენი აქტივისტი დააკავეს იმ პერიოდში. მათ შორის იყო თქვენი კოლეგა და ჩვენი მეგობარი ალეკო ჩუბინიძე. დააკავეს გიორგი ჯავახიშვილი და გოჩა წიკლაური. ბესო დანელია 21 მაისს თავის ოჯახთან ერთად იყო, როცა დააპატიმრეს და ძვლებში დაამტვრიეს. ამის ნიადაგზე მის მეუღლეს მუცელი მოეშალა. ბესოს ორივე ფეხი გადატეხილი ჰქონდა და ფიზიკურად ვერ წაიყვანეს, თორემ მასაც ტენიდნენ მანქანაში. კიდევ ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ არ მინდა ვინმე გამომრჩეს.
როდესაც პოლიტიკურ ტილს - „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეხზე დაისვამ, ის თავზე აგაცოცდება. ასეც მოხდა და ამიტომ ევროსასამართლო გაუმაგრებელი და უსუსური ბრალდებების გამო ამართლებს მერაბიშვილს. ისინი მერაბიშვილის ნამოქმედარს არ იძიებენ. ევროსასამართლოში უყურებენ იმ ქაღალდებს, რომლებიც მათ წარუდგინეს და აინტერესებთ, რამე სამართლებრივი ნორმა ხომ არ არის დარღვეული.
რეალური მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, სხვა განაჩენი დადგებოდა. ათასობით ადამიანის მკვლელობის, ქონების წართმევის, წამების და უკანონო მოსმენების ფაქტი თუ იქნებოდა გამოძიებული, სტრასბურგის გაზულუქებული სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებდა. ფარული მოსმენა ჩემზეც ხორციელდებოდა და ეს ჩანაწერი სოციალურ ქსელშიც დევს. არც ამაზე დავუკითხივარ ვინმეს“ - დასძენს ოგბაიძე.