ყოფილი პოლიტპატიმარი და გამომძიებელი ბათუ საღინაძე, რომელიც ლევან კალაძის გატაცების საქმეს იძიებდა,
დახმარებისთვის ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს მიმართავს, რომ სამართლიანობის აღდგენაში დაეხმაროს.
საღინაძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი საცხოვრებლის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა წაართვა და მისი ოჯახის წევრები ქუჩაში გამოყარა.
ამის შესახებ საღინაძემ გაზეთ ,,ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საღინაძე გამოცემასთან საუბრობს, თუ როგორ ჩამოაცილეს ლევან კალაძის საქმეს და როგორ გამოასახლა წინა ხელისუფლებამ ის ბინიდან.
,,კალაძეების, სააკაშვილისა და ბარამიძის თხოვნით დავთანხმდი ამ საქმის გამოძიებას. საქმე მთლიანად გავხსენი, ყველაფერი თავიდან ბოლომდე გავიგე. როცა ამ გატაცების თავკაცმა ტარიელ ონიანმა გაიგო, რომ ამ საქმეზე ვმუშაობდი, ეშმაკურად, ორი მილიონი ევრო პროკურატურას შეწირულობის სახით გადაურიცხა, სანაცვლოდ კი ამ საქმიდან ჩემი ჩამოშორება მოითხოვა.
იმ პერიოდში პროკურატურას ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც დამირეკა და მკითხა, თენგო გურჩიანზე თუ მუშაობო. გურჩიანზე ოფიციალურად ვმუშაობდი, როგორც გამტაცებელზე. ერთ დღეს კი, კაბინეტში 7-8 შეიარაღებული თანამშრომელი შემოვიდა და კალაძის საქმის ჩაბარება მომთხოვეს. ეს საქმე წამართვეს, კაბინეტიდან ყაჩაღურად გამომადგეს და მაიმუნობა გააგრძელეს. ჯერ სამსახურიდან გამაგდეს, შემდეგ სახლიდან. სახლში 60 ნიღბიანი მოვიდა და ჩემი ოჯახის წევრები ქუჩაში გამოყარა. როცა მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო, ცოლ-შვილი უკრაინაში გავაგზავნე.
არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ცნო, რომ ჩემი გამოსახლება უკანონო იყო. მოვითხოვ, ეს გადაწყვეტილება შეასრულონ“-განაცხადა საღინაძემ.