მხატვარ დემურ გრიგოლიას განცხადებით, ის მძიმედაა დაავადებული და მკურნალობა ესაჭიროება,
თუმცა საამისოდ საჭირო ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და იძულებულია, მის მიერ შექმნილი, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი გაყიდოს.
ამის შესახებ მხატვარმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.
„2012 წელს არჩევნებამდე სამი პორტრეტი დავხატე. ამით მისდამი პატივისცემა გამოვხატე. როცა ჩემმა შვილმა გაიგო, რომ სიმსივნე მაქვს და მკურნალობის ფული არ გამაჩნია გადაწყვიტა, ამ პორტრეტის გაყიდვის განცხადება გამოექვეყნებინა. შეძენის მსურველებიც გამოჩნდნენ, მაგრამ რეალურად ჩემამდე ჯერ არავინ მოსულა. ნამუშევრის საწყისი ფასი 2000 დოლარია. სხვა გზა არ მაქვს, წამლები რომ მეყიდა ორი თვის პენსია ერთად ავიღე, ექიმთან ვეღარ მივდივარ“- განაცხადა დემურ გრიგოლიამ.
როგორც მხატვარმა აღნიშნა, პორტრეტი ბიძინა ივანიშვილის ფოტოების მიხედვით დახატა, რადგან მისი თქმით მასთან პირადად შეხვედრა ვერ მოხერხდებოდა.
„მისთვის ხმაც რომ მიმეწვდინა, თქვენი პორტრეტის დახატვა მინდა, თუ შეგიძლიათ სახელოსნოში მობრძანდეთ-მეთქი, იმდენად მოუცლელია, ვერ მოვიდოდა, ამიტომ ფოტოთი ვისარგებლე და დავხატე. კაცი რომელიც ამდენ სიკეთეს უკეთებდა საქართველოს, ქართველი მხატვრისგან პორტრეტის ღირსი ნამდვილად იყო“ - აღნიშნა გრიგოლიამ.