ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მის მიმართ უნდობლობის გამოცხადებად აფასებს.
როგორც „ნიუსპრესს“ საყვარელიძემ განუცხადა, ის ამ ფაქს შევარდნაძის შემთხვევას ადარებს.
„როდესაც ედუარდ შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომ განაცხადა დიქტატურა მოდის და მივდივარო, გორბაჩოვმა შემდეგ ფრაზა თქვა, ამ დროს მე ის ვიცე-პრემიერად მინდოდაო“ - განმარტა საყვარელიძემ
მისივე თქმით, შევარდნაძეს გორბაჩოვი ვიცე-პრემიერად იმიტომ ნიშნავდა, რომ სახელიანი მინისტრი იყო და მისი სამინისტროდან მოშორება უნდოდა.
„მაგრამ მხოლოდ დაქვეითებით ვერ მოიშორებდა, ამიტომ ისე აღფრთოვანდა დაწინაურებით მოშორებას აპირებდა. ეგ მეთოდი არსებობს. ან უნდა დააქვეითო კაცი ან უნდა დააწინაურო“ - განმარტა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, თუ ადამიანს არ ენდობი იმ საქმეში, რასაც ის აკეთებს, მაშინ უნდა დააწინაურო.
საყვარელიძის განმარტებით, მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა დაქვეითებას არ ნიშნავს.
„ეს დაწინაურებაა, მაგრამ ამ დაწინაურებით მერაბიშვილი ძალოვან სტრუქტურებს მოაშორეს, რაზედაც უნდათ ეტყობა უფრო სანდო კონტროლი დააწესონ, ვიდრე ამას მერაბიშვილი ახორციელებდა“- განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე განმარტებით, თავად ამ მოვლენების თანაავტორებმა არ იციან როგორ განვითარდება მოვლენები.
საქართველოს პრეზიდენმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ივანე მერაბიშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.
ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივლისამდე ხელმძღვანელობდა. ნიკოლოზ გილაურს, რომელიც მერაბიშვილმა ჩაანაცვლა, პრემიერ-მინისტრის პოსტი 2009 წლის 6 თებერვლიდან დღემდე ეკავა.

















