პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო აქცია ხვალ მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
კოალიციის ლიდერების განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობის დაშინების მიუხედავად მცხეთაში მრავალრიცხოვანი აქცია შედგება.
აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ფეისბუქის“ მეშვეობით მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით მცხეთა-მთიანეთში უშიშარი ხალხი ცხოვრობს.
„მთიელები მაგარი ხალხია... ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვეტყვი მოსახლეობას, აუცილებლად მოდით, რამდენადაც ჩვენი ძირითადი ძალა არის ერთობაში. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და მცხეთაში კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი დიდი მუხტი“ - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ აქცია ხვალ მცხეთაში 19.00 საათზე დაიწყება.

















