კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დაშინების მცდელობის მიუხედავად ხვალინდელი აქცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მასშტაბური იქნება.
ძიძიგურმა „ნიუსპრესთან“ საუბარში დაადასტურა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი მცხეთის აქციაზე მივლენ.
„ეს არის ხელისუფლების უსუსური მცდელობა, დააშინოს მოსახლეობა ნებისმიერი ფორმით. დაშინების და ხელისშეშლის სხვადასხვა ფორმები გამოყენებული იყო ქუთაისში და გურიაშიც, მაგრამ ხალხს აღარ ეშინია და ხვალ ძალიან მასშტაბური და სერიოზული აქცია გაიმართება“ - განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, რეგიონში კოალიციის 10-მდე ჯგუფი მუშაობს და მოსახლეობას ხვდება.
კოალიციის აქცია ხვალ მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 19.00 საათზე დაიწყება.

















