ჯორჯთაუნში საქართველოსა და გაიანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების დროს საქართველოსა და გაიანას შორის პოლიტიკური, სამართლებრივი, კულტურული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გაიანის მხარე საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, კერძოდ კი ბოლო წლების განმავლობაში იუსტიციისა და განათლების სფეროებში გატარებული რეფორმებით დაინტერესდა. ასევე გაიანის მხარემ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
ქართულმა მხარემ კი, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყველაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჟღენტი და ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს პირველი მდივანი თორნიკე ზირაქიშვილი შედიოდნენ. გაიანის მხარეს გაიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი ურთიერთობებისა და გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ბარბარა ჰეილი ხელმძღვანელობდა.

















