არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აკადემია“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ
პარტიებს ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს.
„ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ფონდ „ქომაგის“ წინააღმდეგ წამოწყებული გააფთრებული ბრძოლა კულმინაციას აღწევს.
მათივე თქმით, ხელისუფლებამ ფონდის ანგარიში დაარსების დღიდანვე დაყადაღდა, მაგრამ „ქომაგის“ ოფისში არ შეჩერებულა იმ ადამიანთა ნაკადი, ვინც ხელისუფლების მიზეზით სრულიად უმწეო მდომარეობაში, შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა.
„გულისხმიერი ადამიანების მხრიდან ფონდის ანგარიშებზე დაიწყო თანხების პირდაპირი ჩარიცხვა. აი, სწორედ ამას მოჰყვა სრულიად უკანონო, ანტიადამიანური კამპანია ხელისუფლების მხრიდან - დაყადაღდა პირადი ანგარიშები, მათ შორის, ზოგიერთი ის ანგარიშიც, რომელზედაც ადამიანები გროშიან საპენსიო დანაზოგებს ინახავდნენ, სამთავრობო ტელევიზიებმა ტელემაყურებელს ამცნეს „ახალი დანაშაულებრივი სქემის“ გამოაშკარავების შესახებ“ - აცხადებენ „ქართულ აკადემიაში“ და აღნიშნავენ, რომ გამომძიებლები დაჟინებით მოითხოვდნენ მოქალაქეებისგან, ეღიარებინათ, რომ თანხა ევროპაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციისაგან ფულის გათეთრების მიზნით გადმოერიცხათ.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახალხო პროტესტის მასშტაბით შეშფოთებულ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია და სურს სრულიად აბსურდული, 1937 წლის მეთოდოლოგიით შეთითხნილი ბრალდებების გამოყენებით ფონდი „ქომაგი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, მოახდინოს მისი ლიკვიდაცია და არ დაუშვას სახალხო სოლიდარობის პრეცედენტი საარსებო სახსარს მოკლებული ადამიანების მიმართ.

















