საქართველოს საგარაეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული
შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი ამ ორ ქვეყანას შორის ძალაინ მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიუთითებს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.
ამის შესახებ ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ეს იყო დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მაღალ დონეზე. გამოვიყენებ ვიცე- პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც თქვა თბილისში, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს - ესაა დადასტურება იმ სწორი პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. პოლიტიკა, რომელიც უკავშირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ჩვენს ქვეყანაში იმ ღირებულებების გაძლიერებასა და განმტკიცებას, რომელიც გვაკავშირებს დასავლეთ პარტნიორებთან“- განაცხადა ჯანელიძემ.

















