"ქართული ოცნება" საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი - "ისინი პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ ყველა ქართველს, განსაკუთრებით ქართველ იუნკერებს, ახალგაზრდებს, რომელთაც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოს წითელი ოკუპაციისგან გადასარჩენად"
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 91 წლის წინათ საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, მაგრამ მრავალი თაობის ქართველთა თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოს დამოუკიდებლობის სამი წლის პირმშოა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც 70-წლიანი ინტერვალის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აღდგენის საფუძველი გახდა.
მათივე განცხადების თანახმად, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაზეც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ოცნებობდნენ.

















