საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროვოკაციები, რომელსაც
საქართველო საოკუპაციო ხაზთან აწყდება, ქართველებს დასახული მიზნისთვის ერთგულების ძალას მატებს.
მისივე თქმით, საბოლოო მიზანი, რაც ქართველი ხალხის არჩევანია პარტნიორებთან ერთიანობით აუცილებლად იქნება მიღწეული.
ამის შესახებ პრემიერმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ თქვენ გვერდით ვართ - ყველაფრის მთქმელია. საქართველო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდერიზაციას, ეთნიკური ქართველების გატაცებას, ადამიანის უფლებათა ხელყოფას. მაგრამ ეს ასევე გვმატებს ძალას ერთგულებისა იმ მიზნების მიმართ, რომელიც საკუთარ თავებს დავუსახეთ. ნატოსთან ინტეგრაცია გახლავთ პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი, ნატოში გაწევრიანება, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რთულ გზას მივუყვებით, გზას, რომელიც გულისხმობს რეფორმირებას სამხედრო სფეროში, ქვეყანაში ინსტიტუციონალური მშენებლობისა და დამერწმუნეთ, თანმიმდევრული ნაბიჯები, ჩვენი გზავნილების სისხარტე, პარტნიორებთან ერთიანობით შესაძლებელი გახდება ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანი მიღწეულ იქნას“- განაცხადა პრემიერმა.

















