პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს „ბანკ ქართუში“ კოალიციის ანგარიშზე სიმბოლურად 7-7 ლარი გადარიცხეს.
აქცია კოალიციის რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით - „სოლიდარობა ქართულ ოცნებას“ ფარგლებში გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვახტანგ ყაველაშვილმა განუცხადა, აქცია სიმბოლურია და ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით დაიგეგმა.
„ყველა ვაცნობიერებთ, როგორი ზეწოლა ხორციელდება „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა და მხარდამჭერებმა გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და სიმბოლური თანხა გადაგვერიცხა. გვინდა, რომ აღნიშნული აქცია სხვა მოქალაქეებისთვის მაგალითი იყოს“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, სოლიდარობის აქცია, ბიძინა ივანიშვილის თხოვნას ეხმიანება, რომელმაც საზოგადოებას კოალიციის დასახმარებლად სიმბოლური თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის აქციის გამართვას ქვემო ქართლის რაიონების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ.
„ქართული ოცნების“ ახალგაზდრული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ორ ქალაქში - რუსთავში, პარტიის ოფისთან, ხოლო თბილისში უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და „ბანკი ქართუს“ მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს.

















