პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა
სამართალდამცავმა ორგანოებმა კოალიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციები შეასრულონ.
შესაბამისი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ „უწყებათაშორის კომისიას“ დღეს მიმართა.
კოალიციის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად დარღვევების პრევენციისა და ეფექტური აღმოფხვრისთვის შეიქმნა, ამიტომ მან თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს.
„კერძოდ, ველით, რომ "ქართული ოცნების" მიერ 1 ივლისს მცხეთაში დაგეგმილი მასობრივი მშვიდობიანი ღონისძიების ჩატარების დროს სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით აღჭურვილი პოლიციის თანამშრომლები აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეების უსაფრთხოებას და ტრანსპორტის მოძრაობის და პარკირების ადეკვატურ რეგულირებას“-ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მათ მიერ დღემდე ორგანიზებული მასობრივი აქციების დროს, არც ღონისძიებისთვის გამოყოფილ ადგილებში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივ ფორმაში ჩაცმული პოლიციელები საერთოდ არ გამოჩენილან.
„საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები არათუ არ იღებენ დამატებით ზომებს ათეულობით ათასი მოქალაქის შეკრების და მსვლელობის დროს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ უარს ამბობენ "პოლიციის შესახებ" კანონით მათზე დაკისრებული ყოველდღიური ფუნქციების შესრულებაზეც კი“-აცხადებს კოალიცია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული პრობლემა მძიმდება იმითაც, რომ ფორმიანი პოლიციელების მიერ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ადგილების მიტოვების პარალელურად, სხვადასხვა ძალოვანი უწყებების სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები აქტიურობენ. ამის მაგალითად კი, ორიოდე დღის წინ
სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტია მოყვანილი.
„ქართული ოცნება“ უწყებათაშორის კომისიას მოუწოდებს, აღნიშნული პრობლემა მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე აღმოიფხვრას.
სათანადო განაცხადით კოალიციამ მცხეთის მუნიციპალიტეტსაც მიმართა.

















