საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა, რომელიც
ამომრჩეველს სიახლეს სთავაზობს.
ახალი ვებ-გვერდის მეშვეობით, ამომრჩეველს დეპუტატებთან ელექტრონულად დაკავშირების შესაძლებლობა ექნება. კერძოდ, კანონმდებლობისა და ახალი ამბების მთავარი ბმულების გარდა, გვერდზე გაჩნდა ახალი ბმული - „დაუკავშირდი დეპუტატს“.
როგორც პარლამენტის აპარატში აცხადებენ, ამომრჩეველს აღარ დასჭირდება პარლამენტში მისვლა, განცხადების დატოვება და დეპუტატის ლოდინი, რაც განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობისთვის არის რთული, არამედ ხალხის რჩეულთან დაკავშირება ამ ბმულის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ახალ გვერდზე, ასევე, არის ინფორმაცია დეპუტატების მიერ პლენარული სხდომების და კომიტეტების სხდომების გაცდენების შესახებ წლების, თვეებისა და დღეების მიხედვით.
ერთი თვის განმავლობაში ახალ ვებ-გვერდზე ინფორმაციის ატვირთვა მიმდინარეობდა და ე.წ. გარდამავალი პერიოდი გრძელდებოდა, როდესაც ხელმისაწვდომი იყო როგორც ძველი ისე ახალი ვებ-გვერდი.
დღეიდან, პარლამენტის მხოლოდ ახალი ვებ-გვერდი ფუნქციონირებს.

















