ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაცია შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა
და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსტრუქციული დაილოგის თითქმის არ არსებობის გამო.
ამის შესახებ NDI - ის წინასაარჩევნო დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებისგან მტრის ხატის შექმნა ჩვეულ პრაქტიკად იქცა. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ჯერ კიდევ ფიქსირდება.
„ინფორმაციის მოწოდება პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის და კამპანიის თანხების არასწორი ხარჯვის შესახებ, ასევე, ბრალდებები საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, გრძელდება“ - ნათქვამია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში, რომელიც დღეს ჟურნალისტებს პერ ეკლუნდთან ერთად, NDI -ს პრეზიდენტმა კენეთ ვოლაკმა, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ და მისურის შტატის მდივანმა სემ გეჯდენსონმა გააცნეს.
ამასთან, პერ ეკლუნდმა აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიმდინარეობს; ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულმა რამდენიმე ფართომასშტაბიანმა აქციამ ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
ასევე, დელეგაციას მიაჩნია, რომ მედიასაშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული საკანონმდებლო წინადადებები სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოჭრილ საკითხებს ეხმაურება და სათანადო განხორციელების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.

















