ემიგრაციაში მყოფი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ფარულად ურიცხავს თანხებს იმ მოქალაქეებს, ვისაც ფონდი „ქომაგი“ ეხმარება, უარყოფს.
ამის შესახებ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ჩხარტიშვილს აღნიშნული ფონდის საქმიანობის შესახებ ბევრი კარგი სმენია.
„ქომაგი“ იმ ადამიანებს უდგას გვერდით, ვისაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს, დევნის ან ფიზიკურად უსწორდება. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანების მხარდაჭერა კეთილშობილური საქმეა და ამას მომავალში აუცილებლად გავაკეთებ, თუმცა, ღიად და დაფარვის გარეშე“ - აცხადებს ჩხარტიშვილი.
მისივე განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ პროვოცირებული საერთაშორისო სასამართლო დავა წააგო, რადგან მოსამართლემ მის წინააღმდეგ სარჩელი უსაფუძვლოდ სცნო და სოლიდური ხარჯების გადახდაც მომჩივან მხარეს დააკისრა.
„რაც შეეხება სასამართლოს, რომლის შედეგების საზოგადოებისთვის გაზიარებას დღეს ვგეგმავდი, ის ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის ინა გუდავაძის სარჩელს ეხება. ყველას კარგად ახსოვს, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მის ოჯახსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საკმაოდ გამწვავდა ურთიერთობა. საბოლოო ჯამში, ინა გუდავაძე იძულებული გახდა ტელეკომპანია „იმედი“დაეთმო. ამას შანტაჟისა და მუქარის მეშვეობით მიაღწიეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ჩხარტიშვილის განცხადებით, ინა გუდავაძეს გასული 8 თვის განმავლობაში თბილისიდან ლონდონში „დელეგაცია“ სამჯერ ესტუმრა.
მისივე თქმით, თბილისის მერი გიგი უგულავა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი იმ ხუთკაციან ჯგუფს ხელმძღვანელობენ, რომელიც გუდავაძისგან ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით პროცესის დასრულებას და ჩხარტიშვილთან დავის დაწყებას მოითხოვდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინა გუდავაძემ სასამართლო დავა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სწორედ მათი მოთხოვნით დაიწყო.
„მზად ვარ მასთან, როგორც გარდაცვლილი მეგობრის მეუღლესთან, კომპრომისულ შეთანხმებას მივაღწიო, მაგრამ ქვრივის ზურგსუკან ამოფარებულ ხელისუფლებასთან არავითარ დათმობაზე არ წავალ. ეს ის ხალხია, რომელმაც ბიზნესის რეკეტი და ძალადობა, ადამიანების დევნა და მათი უფლებების შელახვა წლების განმავლობაში ნორმად აქცია“ - აცხადებს ჩხარტიშვილი.
მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ქართველების უმრავლესობას, არ ეთაკილება „ქართულ ოცნებასთან“ საკუთარი სახელის დაკავშირება, არც მას ეთაკილება, მაგრამ კოალიციასთან დაკავშირებული არანაირად არ არის.
„მაგრამ მე ვარ პოლიტიკურად დევნილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოში. ამჟამად, ვარ ბიზნესში და არ მაქვს შეხება პოლიტიკასთან. ბუნებრივია, ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. თუმცა, პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართული არ ვარ - ამდენად, არც „ქართულ ოცნებასთან“ „დაკავშირებული პირი” გახლავართ“ - განმარტავს ვანო ჩხარტიშვილი.
საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადარიცხვის შემთხვევების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზე ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემაა, რომლის განხორციელებაშიც კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები მონაწილეობს.

















