საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო
პოროშენკოსთან შეხვედრისას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, როგორებიცაა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, უკრაინასთან აქტიური სამხედრო თანამშრომლობა და შავი ზღვის დაცვა.
მისივე თქმით, უკრაინის პირველი პირის ვიზიტმა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტია უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოში. მე მადლობას ვუხდი ბატონ პეტროს იმისთვის, რომ მან მიიღო მოწვევა და ამ ვიზიტით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას. ბატონო პეტრო, დღეს თვქენ ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში და 2008-ში - ესაა ჩვენი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომლებიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, ადამიანური ტრაგედია, აშორებს ერებს და არა აახლოებს მათ. მაგრამ ამავე დროს თვქენ იმყოფებით საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ესაა ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, მეგობრობასა და საერთაშორისო პროექტებისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ჩვენ დღეს მიმოვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში, ესაა ჩვენი ერთობლივი აქტიური პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე. მე მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პრობლემების აქტიური წარმოჩენისთვის, რომელსაც ჩვენ უკრაინელი მეგობრები საერთსაშორისო ფორუმებზე ავლენენ. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები ჩვენს ერთობლივ პოზიციებში და მოვითხოვთ კიდევ უფრო აქტიურად საქართველოსა და უკრაინის ინტეგრირებას ევროპულ ოჯახზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში. საქართველო ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლება"- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმითვე, ის ინიციატივები, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ წარმოიშვა, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაღმავების შესაძლებლობას გაზრდის.
"ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ, უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე სამხედრო სფეროში და ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხზე, შავი ზღვის თემატიკასა და უფრო ახლო კოორდინაციის საკითხებზე.
ბუნებრივია, ბევრი ახალი ინიციატივა, პროექტის შესაძლებლობა წარმოიქმნება თქვენი ვიზიტის საშუალებით. სამუშაო ფორმატები ხვალაც გვექნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ისტორიული მტკიცე კავშირები, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, თქვენი ვიზიტისა და ამ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, გამომდინარე იქიდან რომ შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ფორმატი შესაბამისი საბჭოს ფორმით, მოგვცემს შესაძლებლომას კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა"- განაცხადა პრეზიდენტმა.

















