პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" პროტესტს გამოთქვამს ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების გამო, რომელიც კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვას და იქ პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებდა. გავრცელებული ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ ლაშა ჩხარტიშვილი ორმოში ჩავიდა და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, რამდენადაც ვიცით, ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით გაასამართლებენ.
კოალიცია "ქართული ოცნება" თანადგომას უცხადებს და ბოლომდე დაიცავს კონსერვატიული პარტიის წევრის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ეკოლოგიის ქვეჯგუფის თავმჯდომარის ლაშა ჩხარტიშვილის უფლებებს.
და კიდევ, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება თავად ატარებდეს გარემოს დაცვის ღონისძიებებს, აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ყველა მოქმედებას.
კოალიცია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღება გარემოს მიმართ უდიერ დამოკიდებულებას და არ დაუშვებს სარეკრეაციო ზონებში ნებისმიერი სახის მშენებლობას." - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















