საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, მეზობელი ქვეყნის მიერ
ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა მიუღებელია და ეს საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს.
მისივე თქმით, ამ საკითხის მოგვარება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა გაგრძელდეს.
ამის შესახებ კელიმ საოკუპაციო ზოლთან სოფელ ბერშუეთში განაცხადა, სადაც ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია იმართება.
„ეს ადგილი ახლოა ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. 21-ე საუკუნეში, როდესაც მეზობლის მიერ ტერიტორიული მთლიანობის ასეთი დარღვევა ხდება, მიუღებელია. აშშ ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აიმაღლებს. მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა. ამერიკა ამას არასდროს აღიარებს, ესაა საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა. რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, ესაა პრაგმატული მიდგომები, რომლებიც საქართველოს აქვს, მეტი პროგრესი, ჟენევის მოლაპარაკებები და მეტი საუბრები ამ თემებზე“- განაცხადა კელიმ.

















