გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო
გუტერეშს შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გენერალურ მდივანს ელჩმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის, სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონო აღმართვის შესახებ აღინიშნა, რომ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, არა მარტო ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და ხელს უშლის საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას განაგრძობს .

















