გორის სამაშველო სამსახურთან პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა 26 ივნისს სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„სოფელ მერეთში მოქმედებდნენ ზონდერ ბრიგადები, რომლებიც დღეს ძალოვან და სამაშველო სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ" - აცხადენენ აქციის მონაწილეები.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონის სოფელ მერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ინციდენტი მოხდა.
კოალიციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პროვოკაცია ხელისუფლებამ მოაწყო. მათივე თქმით, კოალიციის ლიდერებთან შესახვედრად ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კი პოლიციამ სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი - ლაშა ჭიღლაძეს, ალექსანდრე ოდიშვილს, ალექსანდრე კიკოლაშვილს და დავით ბზიშვილს დააკავა, რომელთაც გორის რაიონულმა სასამართლომ ათი დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















